რატი იონათამიშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრები არის სპეკულაციური, დღემდე არ მოგვისმენია კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციის შესახებ, რომელიც უნდა უტარდებოდეს და არ უტარდება
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრები არის მოდელირებული და სპეკულაციური ხასიათის, დღემდე არ მოგვისმენია კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციის შესახებ, რომელიც უნდა უტარდებოდეს და არ უტარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ცენტრ „ემპათიას“ დღევანდელ დასკვნაზე.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ორგანიზაციის სანდოობა, ფაქტია, საზოგადოებაში არ არსებობს და ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი, სინამდვილეში, წარმოადგენენ სააკაშვილის კამპანიის ნაწილს.
„ეს როლი და დანიშნულება ჰქონდათ მათ თავიდანვე, ამისთვის საკმაოდ არაჯანსაღად იყენებდნენ ტრიბუნას, როდესაც იმავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული ენით და მიდგომებით ცდილობდნენ სააკაშვილისადმი სენსიტივების წარმოჩენას, რაც არ გამოუვიდათ. ფაქტია, საუბრები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე არის მოდელირებული და სპეკულაციური ხასიათის, ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციის შესახებ, რომელიც უნდა უტარდებოდეს და არ უტარდება. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამ ადამიანებს, რეალურად, არა მისი ჯანმრთელობა, არამედ სამართლიანობის პრინციპის უგულებელყოფა აინტერესებთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.