რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, ნიკა მელია იმალებოდა, რომ საპასუხო დარტყმა განეხორციელებინა ისეთივე უღირსი მეთოდებით, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სჩვევიათ
როგორც ჩანს, ნიკა მელია იმალებოდა, რომ საპასუხო დარტყმა განეხორციელებინა ისეთივე უღირსი და ბინძური მეთოდებით, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სჩვევიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, „ნაციონალური მოძრაობა“როგორი უსამშობლო ადამიანები არიან და მათთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ არსებობს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ.
„როგორც ჩანს, ნიკა მელია იმალებოდა, რათა საპასუხო დარტყმა განეხორციელებინა ისეთივე უღირსი და ბინძური მეთოდებით, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სჩვევიათ. ცხადია, ამ მხრივ მათი მხრიდან არაფერი იცვლება. თუ აქამდე ცდილობდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა დაეზიანებინათ, ახლა საკუთარ თავებს აზიანებენ, რაც კარგია საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. რაც შეეხება შინაარს, ამ ჩანაწერიდან ნიკა მელია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს – ერთი მხრივ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის პატრონებს ეუბნება, რომ ისინი ამავე დროს რუსულ ინტერესებს ატარებენ, მეორე მხრივ კი, ცდილობს, უპირატესობა მოიპოვოს პარტიაში დაგეგმილ არჩევნებზე. საზოგადოება ხედავს, „ნაციონალური მოძრაობა“ როგორი უსამშობლო ადამიანები არიან და მათთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ არსებობს, მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ არიან გაკოტრებული პარტია. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი სიბინძურე გავრცელდება მათი მხრიდან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.