რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, მონური მენტალიტეტის ადამიანებისთვის ორგანულად მიუღებელია დამოუკიდებლობის დღე
26 მაისს, ევროინტეგრაციის საბოტაჟის კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვიხილეთ 26 მაისის მიტაცების მცდელობა და არავის ეგონოს, რომ ეს ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი კამპანია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე! როგორც ჩანს, მონური მენტალიტეტის ადამიანებისთვის ორგანულად მიუღებელია დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხდა.
იონათამიშვილის თქმით, თუკი 1921 წელს 26 მაისს ებრძოდნენ ბოლშევიკები, 2023 წელს ამ დღეს თავს რადიკალური ოპოზიცია დაესხა და იმ ადამიანებმა, ვინც 2003-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში, სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს რომ დავესესხოთ, დანაშაულებრივი სახელმწიფო სისტემა შექმნეს, ისევ შეგვახსენეს საკუთარი მანკიერი მხარეები.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან 26 მაისს ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პირად სივრცეში შეჭრის გაუგონარი და ყოველგვარი ღირსებისგან დაცლილი კამპანია იხილა ქვეყანამ. მისივე თქმით, კიდევ უფრო ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ამ კამპანიაში ელენე ხოშტარიას საკუთარი დედა ჰყავდა ჩართული.
„ადამიანმა ყველაფერი არ უნდა იკადრო და რაც უფრო საჯარო პირი ხარ, მით უფრო მაღალი სტანდარტით უნდა იმოქმედო, მაგრამ, როცა ხარ „ნაცი“, ეს ეტყობა არის დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება. კოლექტიური „ნაცები“ ვერ იშლიან ჩვევას ადამიანის პირად ცხოვრებაში შეიჭრან, მაგრამ ამით სხვას კი ვერ ავნებენ რაიმეს, არამედ საკუთარი ზნის ლუსტრაციას ახდენენ და თავად ზიანდებიან. იმ ახალგაზრდებს, ვისაც არ ახსოვთ „ნაცების“ მავნებლობა, აცნობენ საკუთარ ოდიოზურ ბუნებას, რომ არიან ჩასაფრებული ადამიანები და, საკუთარი პოლიტიკური ვნებების დასაკმაყოფილებლად, მილიონობით დოლარს გადაიხდიან სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის ანტიპიარში, რათა დააზიანონ საქართველო, საბოტაჟს გამოუცხადებენ ევროინტეგრაციის პროცესს. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებენ ჰიბრიდულ ომს და დაგეგმავენ დეზინფორმაციის კამპანიებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, რაც უფრო სამართლიანად იმსახურებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, მით უფრო აქტიურდება იმ ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები, ვინც საქართველოს ევროპული არჩევანის მტრობა დაისახა მიზნად.
„რადიკალურ ოპოზიციაში, პარტიის და ფრაქციის შიგნით, ერთმანეთისადმი ეჭვიანობით არიან დაკავებული, პარტიის გარეთ კი – საკუთარი ქვეყნის საბოტაჟით. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ, როგორი რადიკალურიც არ უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის მიზნები, ჩვენ დაგიპირისპირებთ ღირსებას, ღირსებით მოგიგებთ ყველგან და ყოველთვის“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილის სიტყვით გამოსვლას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.