რატი იონათამიშვილი - როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, ვერაფერს არევენ ქვეყანაში, გარდა არეულობისა საკუთარ რიგებში
ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ არ გაურბის არეულობის ორგანიზების მცდელობებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„პოლიტიკური უმცირესობის აქციები გრძელდება. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში აზრისა და შეკრების თავისუფლება არის დაცული. ვინც არ უნდა იყოს ამ საკითხების კრიტიკოსი, მას უბრალოდ საპირისპირო არგუმენტი არ გააჩნია. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, ვინ და როგორ მართავს ამ აქციებს. მე ვარ მომხრე, რომ, ზოგადად, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. ჩვენ ამ პროცესში ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაურბის პასუხისმგებლობას, მაგრამ არ გაურბის არეულობის ორგანიზების მცდელობებს. ეს აქციებიც, რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული. თითქოს სახელი არის, რომ „გავუთენოთ საქართველოს“, მაგრამ სინამდვილეში ამ აქციის სლოგანი არის „გავუთენოთ ხებეიშვილს“, „გავუთენოთ გვრამაიას“ და ა.შ. იმ ადამიანებმა, ვინც ამ აქციაზე მიდიან და არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერები, საბოლოო ჯამში, უნდა იცოდნენ, რომ ამ ყველაფრით „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამენ წყალს, მაგრამ შედეგი არ ექნება, როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია, ისინი ვერაფერს არევენ ჩვენს ქვეყანაში, გარდა არეულობისა საკუთარ რიგებში და ამ არეულობას საკუთარ რიგებში ისინი ნამდვილად მიიღებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში იმყოფებიან.
„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო. პარტიულ ტელევიზიებში და პარტიული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დეპუტატები პარლამენტში არიან შესული. აი, ჩუსტი დამრჩა და ახლა სახლში მაგიტომ წამოვედი, რომ ჩუსტები ავიღო და დავბრუნდე პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამარცხვინო მცდელობა მათი მხრიდან. ჩვენ, რასაკვირველია, ვხუმრობთ ამაზე, მაგრამ სინამდვილეში აქ ისინი საკუთარ თავს წარმოაჩენენ. ესეც ფაქტია. როგორც არ უნდა ეცადონ ეს ადამიანები, ვერ შეძლებენ, ხელი შეუშალონ და შეაფერხონ პარლამენტის მუშაობა. ასეთი მცდელობები ადრეც ჰქონდათ და ამ მცდელობებზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი. საზოგადოებას, მინდა, გავახსენო 2018 წლის ნოემბრის მოვლენები და საქმე მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დამარცხდნენ. ევროპულმა სასამართლომ მაშინ ზუსტად აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ზედმეტი ლმობიერება გამოიჩინეს აქციის მონაწილეების მიმართო. ზედმეტი ლმობიერება ზუსტად ნიშნავდა, რომ როდესაც ისინი საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებას ახდენდნენ, მაშინ პოლიციელების მხრიდან რა ზომებიც იყო მიღებული, იყო ზედმეტად ჰუმანური. მაინც უჩიოდნენ საქართველოს ამ საქმის გამო და სტრასბურგმა გამოიტანა მათი საწინააღმდეგო განაჩენი. ამიტომ, ვინც არ უნდა ეცადოს საკონსტიტუციო ორგანოს, ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დაწესებულების პიკეტირებას, პიკეტირება არ არის მშვიდობიანი ფორმა, ეს არის აგრესია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ სტანდარტთან. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ მოისმინა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრიფინგი და შესაბამისი ზომები იქნება გატარებული, აღკვეთილი იქნება ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის, შესაძლო შეფერხების“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.