რატი იონათამიშვილი - როდესაც „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, საუბარი ნებისმიერ კრიზისზე ნიშნავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების წინააღმდეგ მტრობას
მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ძალიან რეალურია, საუბარი ნებისმიერ კრიზისზე ნიშნავს მხოლოდ საქართველოში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ღირსების წინააღმდეგ მტრობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ბრიტანულ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ დაკავშირებით, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „დასავლეთი უნდა მოემზადოს კრიზისისთვის საქართველოში“.
მისი თქმით, ოპოზიციას მოუწევს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
„ეს თუ არის კონკრეტული ძალების არჩევანი, მათ მოუწევთ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, რადგან დეზინფორმაციების შექმნის მავნებლური მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს, ხელს ვერაფერში შეგვიშლიან და მხოლოდ ის დარჩებათ, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ და ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადონ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.