რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს იმ დოკუმენტზე, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიად არის აღიარებული
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან 1938 წლის რუკის მიმართ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია შეტევას ახორციელებს იმ დოკუმენტის მიმართ, რომლითაც აღიარებულია, რომ დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი მთლიანად არის საქართველოს ტერიტორიაზე.
„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან 1938 წლის რუკის მიმართ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. ფაქტობრივად, იმ დოკუმენტის მიმართ, რომლითაც აღიარებულია, რომ დავით გარეჯის სამონატრო კომპლექსი მთლიანად არის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამ პოზიციას თავს ესხმიან, აპროტესტებენ იმას, რომ თურმე, დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია ყოფილა. მათი მხრიდან ასეთი ქმედება მათ სრულ ლუსტრაციას ახდენს. ეს არის სახელმწიფოებრივი საქმე და ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არის მათთვის პოლიტიკური საქმე. ცხადია, ახალი გარემოებები არის იმის საფუძველი, რომ პარტნიორ და მეგობრულ ქვეყანასთან გადაიხედოს იმ შეთანხმებათა ნაწილი, რომელიც აქამდე იყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
კითხვაზე, იკვეთება თუ არა ამ საქმეში რუსეთის როლი, დეპუტატი აცხადებს, რომ „რუსეთი არის მტრული სახელმწიფო, რომლის ინტერესშიც ყოველთვის არის ის, რაც უფრო მეტი ტერიტორია დაიკარგება საქართველოსი.
„როცა ოპოზიციას შემოაქვს ეს თემა, ზუსტად, რუსულ პოზიციას და ჰიბრიდულ ომს ემსახურება მათი განცხადებები და პათოსი, რაც მიმართულია იმ ფაქტების წინააღმდეგ, რომელიც ადასტურებს, რომ დავით გარეჯი არის სრულიად საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.