რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია ფარისევლური ფერისცვალებით ხაზს უსვამს, როგორი უტიფრები არიან, თუ ჰგონიათ, რომ ეს ელექტორალურად მათთვის მომგებიანია, აქაც განწირულები არიან
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ფარისევლური ფერისცვალებით ხაზს უსვამენ, როგორი უტიფრები არიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, განწირულები არიან, თუ ჰგონიათ, რომ მსგავსი განცხადებები ელექტორალურად მომგებიანია.
„არც ხელნაწერები იწვიან და, მით უმეტეს, არც არქივი იწვის. საზოგადოებას კარგად ახსოვს რადიკალური განცხადებები, რაც აღტკინებით მოდიოდა წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიციისგან. რასაც ისინი ამ ფარისევლური ფერისცვალებით ხაზს უსვამენ, არის ის, თუ როგორი უტიფრები არიან და რა ხარისხშია აყვანილი ეს უტიფრობა რადიკალურ ოპოზიციაში. თუ ჰგონიათ, რომ მსგავსი განცხადებები ელექტორალურად არის მათთვის მომგებიანი და ამიტომ აკეთებენ ამას, აქაც განწირულები არიან, რადგან მათი ნიშის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. ეს ის ხალხია, ვინც ბელადის სახით საზღვართან ეგებებოდა ომის შემდეგ რუს ტურისტებს და იქ ღვინით და დითირამბებით უმასპინძლდებოდა. ქართულ ღვინოს და „ბორჯომს“ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა „შერბილებული“ ტონით გამოდიან. ამით საკუთარ უტიფრობას და ზნეობის ნაკლებობას უსვამენ ხაზს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.