რატი იონათამიშვილი - რადიკალური ოპოზიცია აცნობიერებს, რომ არჩევნები წაგებული აქვს, ყველაფერზე არიან წამსვლელი, დარწმუნებული ვარ, სუს-ში მიმდინარე გამოძიება ყველა საკითხს ნათელს მოჰფენს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ტერორისტული აქტისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე, რამდენიმე დღეა, დაწყებულია გამოძიება და ამ ხნის განმავლობაში გამოკითხული პირები, ასევე, მათი ადვოკატები საზოგადოებას უმალავდნენ, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობდა.
იონათამიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად ყველა საკითხს ნათელი მოეფინება.
„ექვსი დღეა, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულებით სახელმწიფო გადატრიალების უმძიმეს მუხლებზე და რადიკალური ოპოზიციის მედიასაშუალებები, გამოკითხული პირები, მათი ადვოკატები საზოგადოებას უმალავენ, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს. აქ არის მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას აქვს: მეექვსე დღეს რატომ წამოსცდათ ან აღიარეს ამ ადამიანებმა, რომ ამ უმძიმესი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება? რადიკალური ოპოზიცია კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის, ტერორისტული აქტების მომზადებასა და ადამიანის მოკვლაზეც კი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი. ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.