რატი იონათამიშვილი - რადიკალური და უსამშობლო ოპოზიციური ჯგუფები რაც უფრო მეტს ისაუბრებენ არეულობაზე, მით უფრო დაადასტურებენ საკუთარ უნიათობას
რადიკალური და უსამშობლო ოპოზიციური ჯგუფები რაც უფრო მეტს ისაუბრებენ არეულობაზე, მით უფრო დაადასტურებენ საკუთარ უნიათობას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები პოზიციებს დღეგამოშვებით ცვლიან და სინამდვილეში აჩვენეს, რომ არც პროტესტის უნარი გააჩნიათ და არც საპარლამენტო მუშაობის.
„ცხადია, ამ ლუსტრაციის პროცესის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, საზოგადოება დაინახავს, რომ ამ ადამიანებს ქვეყნის სასიკეთოდ არანაირი მიზანი არ გააჩნიათ, პირიქით, ცდილობენ, ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას და ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მათთვის კიდევ უფრო მტკივნეული შედეგი დადგება, რაც მათ გაკოტრებულ პოლიტიკურ იმიჯზე აისახება. ოპოზიციური პარტიები პოზიციებს დღეგამოშვებით ცვლიან და ხან პარლამენტის დატოვებაზე საუბრობენ, ხან – შემოსვლაზე. სინამდვილეში აჩვენეს, რომ არც პროტესტის უნარი გააჩნიათ და არც საპარლამენტო მუშაობის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.