რატი იონათამიშვილი - ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს
რატი იონათამიშვილი - ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს

წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო, მოღალატეები და ამ ქვეყნის შავი ლაქა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისადმი გაგზავნილი წერილის ავტორები საკუთარი ქვეყნის მოძულე ადამიანები არიან.

„მათ ეს წერილი 26 ოქტომბრამდე რომ გამოექვეყნებინათ, დარწმუნებული ვარ, იმის ათი პროცენტიც არ მისცემდა ხმას, ვინც მხარი დაუჭირა. ამ მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, საკუთარი ქვეყანა თუ როგორ სძულთ და როგორ სწირავენ ქვეყანას პირადი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ გაწირავენ. სინამდვილეში, ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავს.