რატი იონათამიშვილი - ქართველ ხალხს ემალებიან, სამაგიეროდ, ხან კეზერაშვილთან დარბიან, ხან სხვა აქტორებთან, ფიქრობენ, უცხოეთიდან შეძლებენ ზეგავლენას საარჩევნო შედეგებზე
ქართველ ხალხს ემალებიან, სამაგიეროდ, საარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ აწარმოებენ – ხან კეზერაშვილთან დარბიან, ხან სხვა აქტორებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ამერიკაში გამგზავრებასთან დაკავშირებით.
„ფიქრობენ, რომ სწორედ უცხოეთიდან შეძლებენ რაიმე ზეგავლენის მოხდენას საარჩევნო შედეგებზე, რაც მათი მხრიდან სასოწარკვეთის მაჩვენებელია. სინამდვილეში, ამ ადამიანებმა იციან, რომ მარცხდებიან საქართველოსთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და გარედან თუ შეძლებენ არეულობის მოწყობას, აქ შანსი ექნებათ, მაგრამ ამ ზღაპრებშიც აუცილებლად დამარცხდებიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.