რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნების“ სია არის გამარჯვების სია, რადიკალურმა ოპოზიციამ კი საარჩევნო სიებით გარდაუვალი მარცხი აღიარა და საკუთარი კაპიტულაცია გამოაცხადა
„ქართული ოცნების“ სია არის გამარჯვების სია, რომელიც დაკომპლექტებულია ამ ქვეყნის პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანებით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„თითოეული მათგანი თავის საქმეში წარმატებულია, ამიტომ ჩვენი ერთობა და სიმტკიცე იქნება გარანტია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში როგორც გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, ასევე მომდევნო ოთხი წელი იქნება სტაბილურობისა და განვითარების პერიოდი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის საარჩევნო სიას, იონათამიშვილის შეფასებით, „რადიკალურმა ოპოზიციამ საარჩევნო სიებით გარდაუვალი მარცხი აღიარა და საკუთარი კაპიტულაცია გამოაცხადა“.
„ფაქტია, რომ მათ არ შეუძლიათ, არც განახლება, არც საზოგადოებისთვის სიახლის შეთავაზება. უფრო მეტიც, არათუ მათი მხარდამჭერები, არამედ პარტიის ის წევრებიც კი არ ჰყავთ, რითაც საკუთარ სიებს დააკომპლექტებენ. შესაბამისად, მათი მხრიდან რაიმე წარმატებაზე საუბარი უხერხულია. მათ იციან, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ. ამიტომ, აქედანვე აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი გზა არეულობაა. მათ არეულობაში არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმედი აქვთ, მაგრამ არჩევნებში გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს. ყველას მოუწევს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი სცეს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.