რატი იონათამიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულ საარჩევნო პროგრამას წარადგენს
„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებულ საარჩევნო პროგრამას წარადგენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იაონათამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან აუდიო და ვიდეო ფორმატის, ასევე ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საარჩევნო პროგრამა წარადგინა. იონათამიშვილის განცხადებით, ამით უსინათლო და სმენადაქვეითებული ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონე გაიზრდება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შშმ პირებისთვის 1 500-მდე საარჩევნო უბანია ადაპტირებული.
„ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ტრადციულად, ყოველ არჩევნებზე საარჩევნო პროგრამას ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის ადაპტირებულ ფორმატში ბეჭდავს, კერძოდ, უსინათლოებისთვის ბრაილის შრიფტით და აუდიოვერსიით, სმენადაქვეითებულებისთვის კი ჟესტურ ენაზე. ჩვენი მიზანია, შშმ პრებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და ჩვენ, როგორც პასუხისმებლიანმა პარტიამ, ვიზრუნოთ, რომ მათ ადაპტირებულ ფორმატში ჰქონდეთ ამის საშუალება.
მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ვგეგმავთ, კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ, რათა ყველა კატეგორიის შშმ პირს შევუქმნათ თანაბარი შესაძლებლობები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ გადავიდეთ სოციალურ მოდელზე და მკაფიოდ ვთქვათ, რომ შშმ პირები არ არიან პაციენტები, შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და მხოლოდ უფლებრივად მივუდგეთ ამ საკითხებს.
ზრდასრული შშმ პირების რეაბილიტაციის პროგრამები არ გვაქვს და მნიშვნელოვანია ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა, ასევე ჟესტური ენის განვითარება და მისი პოპულარიზაცია. უსინათლო ადამიანებისთვის საკანონმდებლო დონეზე გვექნება სიახლეები. ჩვენმა გუნდმა განახორციელა ქმედუნარიანობის რეფორმა, რომელსაც სჭირდება მეორე ტალღა, რაზეც ვიმუშავებთ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე. დღეიდან ჩვენ დავიწყებთ სიარულს შშმ პირთა ოფისებში, ორგანიზაციებში, რათა დავარიგოთ ადაპტირებული მასალა, როგორც ჟესტურ ენაზე, ასევე აუდიო და ვიდეო ფორმატით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.