რატი იონათამიშვილი - პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, ეს არის სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი ერთი კვირის წინ მიიღო, კანონი ათასამდე პატიმარსა და 22 ათასამდე პრობაციონერს ეხება, რომელთათვის ყოველ დღესა და საათს დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა შვიდი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა და ამნისტიის პროექტს ხელი არ მოაწერა, რაც სახელმწიფოებრივი უპასუხისმგებლობა და დანაშაული ამ ადამიანების მიმართ.
„სამაგიეროდ, მას დრო აქვს შეხვდეს ხან გახარიებს და ხან ხაზარაძეებს, მათთან ააწარმოოს გაუგებარი მოლაპარაკებები, ხელოვნური შოუები. ათასობით პატიმარი ელოდება, პრეზიდენტი ხელს კანონს როდის მოაწერს და როცა ამას აკეთებს, არ გამიკვირდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტოც კი დაადოს, რადგან რადიკალური ოპოზიციის ლიდერია, რომელთაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვეტო ედო პატიმრებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.