რატი იონათამიშვილი - პოლიციას შეეძლო, ძალისმიერი ოპერაცია ჩაეტარებინა ზუგდიდში, თუმცა, რისკების გათვალისწინებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავა
მნიშვნელოვანია, რომ სპეცოპერაციის პირველი ნაწილი, რაც მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლებას გულისხმობდა, წარმატებით არის დასრულებული, საპოლიციო ღონისძიებები კი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მეორე ნაწილიც წარმატებული იქნება – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ზუგდიდში საპოლიციო ღონისძიებას გამოეხმაურა.
იონათამიშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა დაიცვას ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მისივე განცხადებით, პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას მიუძღვის.
„ცხადია, პოლიციას შეეძლო, ძალისმიერი ოპერაცია ჩაეტარებინა და ამის ყველანაირი რესურსი არსებობდა, მაგრამ თუ რისკები არსებობს, ვფიქრობ, მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმით იმუშავა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამხარეო პოლიციის უფროსმა ავთანდილ გალდავამ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ამასთან, იონათამიშვილი საკითხთან დაკავშირებით ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან იმდენად უმეცარი და მზაკვრული განცხადებები გაკეთდა, რომ ამაზე კომენტარიც კი უხერხულია.
„საზოგადოება თავად განსჯის, ამ დროს რა არის საქმე – გულშემატკივრობ მძევლებს და სამართალდამცველებს, თუ ის, რომ პოზირებ და კეკლუცობ ცხელი წერტილის ფონზე. ისეთი ოპონენტებიც იყვნენ, რომლებმაც სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავა. თუ თქვენ ოპერაციის პირველ ნაწილს, რომლის მთავარი მიზანი იყო მძევლების უსაფრთხოდ გათავისუფლება, დათმობას უწოდებთ, საზოგადოებას ამაზე თავისი პასუხი ექნება”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკში“ გუშინ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დამნაშავის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.