რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის ე.წ. გაერთიანებები არის ფარსი, მანდატისთვის მზად არიან, ყველაფერი იკადრონ, შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბერს მათთვის გამანადგურებელი მარცხი დადგება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. გაერთიანებებით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად ყველაფერს კადრულობენ. რატი იონათამიშვილის შეფასებით, ოპოზიცია არჩევნების შემდეგ კვლავ გააგრძელებს ერთმანეთის შეურაცხყოფას.
„სინამდვილეში, ეს ადამიანები როგორც არჩევნებამდე აყენებდნენ შეურაცხყოფას ერთმანეთს და სიძულვილს იჩენდნენ, არჩევნების შემდეგაც გააგრძელებენ იმავეს – ერთმანეთის შეურაცხყოფას, ლანძღვას და ა.შ. ამიტომ ეს ე.წ. გაერთიანებები არის ძალიან დიდი სიყალბე და ფარსი, რომლითაც ჩვენი საზოგადოება არ ტყუვდება. ოპოზიციური პარტიები აჩვენებენ, როგორი დაბალი წარმოდგენა აქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. ჰგონიათ, რომ ვინმეს მოატყუებენ მაშინ, როცა მათ არანაირი პრინციპები და ღირებულებები არ აქვთ. ერთადერთი, უნდათ, როგორმე პარლამენტში მოხვდნენ. საპარლამენტო მანდატისთვის მზად არიან, ყველაფერი იკადრონ და ყველა უღირსობაზე წავიდნენ. შესაბამისად, შემდეგ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ 26 ოქტომბერს მათთვის გამანადგურებელი მარცხი დადგება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.