რატი იონათამიშვილი - მოხარული ვართ, რომ გიორგი გახარიამ და მაიკ პომპეომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ყველა სტრატეგიული საკითხი განიხილეს
ეს იყო ორი მეგობარი ქვეყნის ლიდერის საუბარი, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სატელეფონო კომუნიკაციას.
როგორც დეპუტატი აცხადებს, აშშ-ისა და საქართველოს პოზიციები არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საკითხში სრულად ემთხვევა.
„მოხარული ვართ, რომ საუბრის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საკითხები განიხილეს, მათ შორის ოკუპაციის საკითხი, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური საკითხები. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის პარტნიორობის პლენარულ სხდომას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ 19“-ის სირთულეებია, ისევ დღის წესრიგში დგას. ცხადია, აშშ-ისა და საქართველოს პოზიციები ემთხვევა იმ საკითხში, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს განსაკუთრებულად მაღალი გამჭვირვალობითა და სტანდარტით, ეს ნამდვილად ასე იქნება. რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომლებიც ყველაფრის გაფუჭების გარდა არაფერს ცდილობენ, ვურჩევდი, ჯერ გაერკვნენ ვინ რა ფორმით მონაწილეობს არჩევნებში და შემდეგ ისაუბრონ სხვა საკითხებზე, რადგან საზოგადოება ერთადერთს, რასაც მათგან ხედავს, არის ის, თუ როგორ ლანძღავენ და ებრძვიან ერთმანეთს, სხვებს და ვერ იყოფენ სამაჟორიტარო ოლქებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ასევე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.