რატი იონათამიშვილი - ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებდა მაშინაც, როცა პარლამენტში მუშაობა აქტიური იყო, ისინი ორიენტირებული არიან პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუებზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ან ესმის, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა, ან არ უხარია, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს ძალიან აქტიურად მუშაობს ყველა მიმართულებით.
ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტი ჩართულია კრიზისების მართვაში როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე საგარეო და ეკონომიკური თვალსაზრისით.
დეპუტატის თქმით, საკანონმდებლო პროცესი საგანგებო მდგომარეობის დროს არ განელებულა.
„ამ მხრივ კრიტიკა იმ გუნდიდან გვესმის, რომელიც საკომიტეტო განხილვებში მონაწილეობას არ იღებდა და საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებდა მაშინაც კი, როცა პარლამენტში მუშაობა აქტიური იყო. ისინი მონაწილეობას არ იღებდნენ პლენარულ სხდომაზე და მხოლოდ დესტრუქციაზე იყვნენ გადასულები. შესაბამისად, ამ მხრივ მათი კრიტიკა განსაკუთრებით უპასუხისმგებლოა. ოპოზიციას მოვუწოდებ, კარგად გაეცნოს, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც გადაავლონ თვალი, კერძოდ, სახელისუფლებო შტოების ეფექტურ მუშაობაზე. ოპოზიცია ორიენტირებულია პოპულიზმზე, სპეკულაციებსა და შოუებზე. ახლა ეს დააკლდათ, რადგან მხოლოდ ამაში მონაწილეობდნენ. კომიტეტების სხდომებზე 15-20 წუთი შემოდიოდნენ, შემდეგ მათ ვერ ვხედავდით. ძალიან მალე, მათ პოლიტიკაშიც ვეღარ ვნახავთ“, – განაცხადა რატი იონათამშვილმა.