რატი იონათამიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე ჰყავს, სხვა პარტიას აკრიტიკებს, თუ მის სიაში ხელოვნების წარმომადგენელია
პარტია, რომელსაც საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე ჰყავს, სხვა პარტიას აკრიტიკებს, თუ მის სიაში ხელოვნების წარმომადგენელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კარგად ჩანს, როგორი ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ.
„მათ საზოგადოებამ უარი ერთხელ უკვე უთხრა, როგორც ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ ეტყვის, როგორც ოპოზიციას”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების” პარტიულ სიაში პოლიტიკოსები არ არიან.
კითხვაზე – რატომ აკრიტიკებს „ქართული ოცნების” სიას მაშინ, როცა თავად „ნაციონალური მოძრაობის” სია სწორედ მომღერლით იწყება და მასში არიან სპორსტსმენები და ბიზნესმენებიც, გოცირიძე პასუხობს, რომ „მასშტაბები სხვადასხვაა”.