რატი იონათამიშვილი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე უდევს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში და იქ რასაც კითხულობს, შემდეგ თუთიყუშივით იმეორებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია აგონიაშია და არ სურს, საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ მარცხს შეეგუოს.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები სინამდვილეში არ არსებობს და გაყალბებაზე ვინც საუბრობს, მათ გამოძიებას ჩვენება უნდა მისცენ.
რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არათუ გაყალბდა, მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა.
„გაყალბდა თუ არა არჩევნები? არ და ვერ იარსებებს ვერანაირი მტკიცებულება, რომ თუნდაც ერთეული ხმები იყოს გაყალბებული, როცა ეს ადამიანები ურცხვად საუბრობენ 300 ათასი ხმის გაყალბებაზე. ეს არარეალურია და მათ ილუზიებს უსვამს ხაზს. აგონიაში მყოფ ოპოზიციას არ უნდა, მარცხს შეეგუოს. ისინი დეზინფორმაციითა და ტყუილით ცდილობენ, მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. ვინმეს რაიმე თუ აქვს სათქმელი, პროკურატურაში მივიდნენ და გამოძიებასთან ითანამშრომლონ. რა თქმა უნდა, არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ მაღალი სტანდარტი იყო დაცული. ოპოზიცია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი უარგუმენტოდ ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა. თუ მათ გამოძიებასთან თანამშრომლობა არ უნდათ, გამოჩნდება, რომ მატყუარები არიან და ამას მხოლოდ იმიტომ კადრულობენ, რომ ქვეყანაში არეულობის გამოწვევა უნდათ. თუ ვინმეს რაიმე აქვს სათქმელი, პროკურატურაში მივიდეს, ჩვენება მისცეს. თავადაც კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ თავიანთი დღის წესრიგით მოქმედებენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს მაგიდაზე „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში უდევს და იქ რასაც კითხულობს, შემდეგ თუთიყუშივით იმეორებს. ვნახეთ პოლონეთის პრეზიდენტის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეჭორავა და არანაირი ფაქტები არ წარუდგენია. რასაკვირველია, როცა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშს ეყრდნობი, არგუმენტების გარეშე გიწევს ჭორაობა“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს პროკურატურამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.