რატი იონათამიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ძალიან დიდი ნაწილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველისგან მოისმინა, ძალიან დიდი ნაწილი უკავია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებს.
„ვამაყობ იმით, რომ ბოლო ერთი წელი საპარლამენტო ცხოვრებასა და საქმიანობაში ნამდვილად ისტორიული იყო – ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, რომლითაც მოვახდინეთ ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია CRPD პრინციპებთან და ამოცანებთან. ჩვენ მივიღეთ მისაწვდომობის ცვლილებები, რომლითაც შევქმენით მნიშვნელოვანი გარანტიები, მათ შორის აღსრულების მექანიზმები, რომ მისაწვდომობა იყოს შეუქცევადი პროცესი ჩვენს ქვეყანაში და ამისი დასასრული იყო ფაკულტატური ოქმის მიღებაც, რომლითაც ჩვენ შევუერთდით იმ პროგრესულ სახელმწიფოებს, სადაც შშმ პირთა უფლებები საერთაშორისო გარანტიებით არის დაცული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა დავინახოთ პრობლემები და საჭიროებები, რომლებზეც ფოკუსირება გვმართებს დღეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ პროცესი სწორად იყოს წარმართული და უზრუნველვყოთ ამ პროცესში შშმ პირთა სრული ჩართულობა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებები არის ის სფერო, სადაც მიღწეული შედეგებით არასდროს უნდა დავკმაყოფილდეთ და „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით აუცილებლად გაიზიარებს სახალხო დამცველის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება „ქართული ოცნების“ ამოცანა იყო ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და მნიშვნელოვანია, რომ თავად სახალხო დამცველმაც აღნიშნა ის მნიშვნელოვანი საფუძვლები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა სახალხო დამცველის როგორც ინსტიტუტის გაძლიერებისთვის.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.