რატი იონათამიშვილი - მმართველი გუნდი ენდიაი-ს კვლევებს პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეცნობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ენდიაი-ს კვლევებს პასუხისმგებლობითა და ინტერესით ეცნობა. თუმცა, როგორ იონათამიშვილმა აღნიშნა, კვლევებში მოყვანილი ციფრები ხშირად რეალურ მაჩვენებლებს სცდება, მათ შორის – არჩევნების შედეგებსაც.
„უნდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკმაოდ მაღალი რეიტინგით შეფასდა და ასევე ძალზე მაღალი რეიტინგით არის ნდობა სალომე ზურაბიშვილისადმი – როგორც საგარეო, ისე ადგილობრივი საკითხების მიხედვით. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითია და ასახავს იმ რეალობას, რომელიც არჩევნების დღეს დადგა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას აფასებს და ამომრჩეველთა 62 პროცენტი საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს, რატი იონათამიშვილს კვლევის ამ მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეაქვს.
„პარლამენტში ძირითადად შშმ ადამიანების პრობლემებზე ვმუშაობ და მათთან მიხდება ურთიერთობა აბსოლუტურად ყველა სამაჟორიტარო ოლქში. უკუკავშირი ძალიან მაღალია. ასევე მაღალია შეხვედრებზე დასწრების მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ ზუსტად ის ადამიანები, ვისაც განსაკუთრებით სჭირდებათ უფლებების დაცვა და ამ მიმართულებით ზრუნვა, ძალიან ახლოს არიან ჩვენს მაჟორიტარებთან, რაც აბსოლუტურად საპირისპიროდ არის აღნიშნული ამ კვლევებში. ამგვარად, მიღრმავდება სკეპტიციზმი, რომ ეს ნაწილი კვლევებში მიკერძოებულად არის წარმოჩენილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.