რატი იონათამიშვილი - მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო კოვიდ ვაქცინაციისთვის მზადება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ადრეულ ეტაპზე კოვიდ ვაქცინაციისთვის მზადების პროცესის დაწყებას მიესალმება.
იონათამიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის და მმართველი გუნდისთვის არსებული გამოწვევების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, კვლავაც უმთავრესი პრიორიტეტია.
„ინტენსიური ტესტირება და ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ვირუსის გავრცელების შეკავებას და დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები გატარდება ორთვიანი გეგმის ფარგლებში და დღეში მხოლოდ სახელმწიფო დაახლოებით 20 ათასი ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტები.
განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ასევე, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ ადრეულ ეტაპზე დაიწყო მზადება კოვიდ ვაქცინაციისთვის. საკოორდინაციო საბჭოს მიერ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. ის ემსახურება, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას, ასევე, ყველანაირი წინა მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.
ყოველ ეტაპზე, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია და არსებულ გამოწვევებთან შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, კვლავ რჩება ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტად“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.