რატი იონათამიშვილი - მინდა, მამუკა ხაზარაძეს ერთი რჩევა მივცე, თავი დაანებოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას
მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, სადაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანხას მართავდა, იქ ფულის გათეთრებაზე ეჭვი არავის მიუტანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გამოცდილება და პროფესიონალიზმი არავისთვის არის საკამათო.
მისი თქმით, მინისტრს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია აქვს როგორც ჯანდაცვის სფეროში, ისე სოციალური პოლიტიკის წარმართვის კუთხით.
„თანხის და ბიუჯეტის მენეჯმენტიც ძალიან კარგად იცის და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, სადაც თანხას მართავდა, იქ ფულის გათეთრებაზე ეჭვი არავის მიუტანია. ზოგადად, მამუკა ხაზარაძეს ერთი რჩევა მინდა მივცე, თავი დაანებოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციას და პასუხი გასცეს ლეგიტიმურ კითხვებს, რაც მის მიმართ გააჩნია გამოძიებას“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.