რატი იონათამიშვილი - მავნებლობაა, როდესაც ფაქტების დამახინჯებით სენსიტიურ თემებს კიდევ უფრო ამძაფრებენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და სახალხო დამცველს „ფეიკნიუსების“ წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებების დაწყება შესთავაზა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ზუსტად და სწრაფად გავრცელებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, როდესაც ინფორმაციის განზრახ დამახინჯება და სიცრუის ტირაჟირება ხდება, ეს საზოგადოებისთვის ორჯერ უფრო ცუდი საქმეა.
„სულ ახლახანს ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ძალიან მძიმე თემა იყო გაშუქებული, რომელიც ახალშობილი ბავშვის ფაქტს ეხებოდა. ჩემთვის სასაუბროდაც ახლა ძალიან მძიმეა, მაგრამ ვალდებულად მივიჩნევ თავს, რომ ეს კომენტარი გავაკეთო. სიუჟეტში იყო, რომ სავარაუდოდ არასრულწლოვანმა გოგომ იმშობიარა, ასევე სავარაუდოდ, მშობიარობის შემდეგ ახალშობილი მოიშორა და ეს ფაქტი ფატალურად დამთავრდა. შემდეგ გადაცვლილი ახალშობილი იპოვა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მოსასმენად და შემდეგ უკვე წამოვიდა სიცრუის ტირაჟირების მიზანმიმართული კორიანტელი თითქოს სამართალდამცავებმა პოლიეთილენის პარკით გადააგდეს ეს ახალშობილი. ვფიქრობ, როდესაც ამ ფაქტების ასეთი დამახინჯება ხდება, ასეთი ისედაც მძიმე და სენსიტიური თემის განგებ კიდევ უფრო გამძაფრება ხდება, რათა დაითრგუნოს საზოგადოება და დაითრგუნონ კონკრეტული სამსახურის თანამშრომლები, ვინც პირველები მივიდნენ დანაშაულის ადგილზე, ეს მართლაც მავნებლობაა. მავნებლობაა, რადგან მაგალითისთვის ვიტყვი, მეც, როგორც პოლიტიკოსი და თქვენ, სახალხო დამცველი, ხშირად ვყოფილვართ ცალკეული ჯგუფების თავდასხმის ობიექტები, ერთმანეთიც გაგვიმხნევებია ამ მხრივ და ყოფილა ოფიციალური განცხადებები. თქვენგანაც დადებითი პრეცედენტი იყო ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ვართ საჯარო პიროვნებები და გვაქვს ვალდებულება საკუთარ თავზე აღებული, გარკვეულწილად მზად ვართ, ეს ტვირთიც მივიღოთ, მაგრამ თანამშრომელი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება და ასრულებს თავის ვალდებულებას, შემდეგ ასეთი ცილისწამების სამიზნე ხდება, რომელსაც ამ ფაქტის წასწრების შემდეგ ისედაც სჭირდება გარკვეული ფსიქოლოგიური კონსულტაციების გავლა, შეიძლება საერთოდ ადამიანის ჯანმრთელობა ბოლომდე ჩამოიშალოს. ეს იმ უწყების თანამშრომლებზეა საუბარი, რომლებიც განსაკუთრებით პანდემიის დროს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული. ვფიქრობ, ჩვენ გვმართებს ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ „ფეიკნიუსებისა“ და სიცრუის ტირაჟირების დონე მაქსიმალურად იყოს შემცირებული, რადგან ამას შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს სწორი ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.