რატი იონათამიშვილი - ლოგიკურია, რომ საპარლამენტო დისკუსიებში განვიხილოთ თითოეული ინიციატივა, რადიკალურ ოპოზიციას რაც არ მოსწონს, ყველაფერს რუსულს უწოდებს
ყველაზე ლოგიკურია, რომ საპარლამენტო დისკუსიების ფორმატში განვიხილოთ თითოეული ინიციატივა და არგუმენტირებული პოზიციებით წარვდგეთ, რაც არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, ყველაფერს რუსულს უწოდებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, მისი სიმპატია იმ პროექტისკენ იხრება, სადაც ადამიანის უფლებების სტანდარტი უფრო მაღალ ფონზეა დაცული.
„სხვა დროზე საუბარი რელევანტური არ არის, რადგან ეს კანონი ამერიკაში დღესაც მოქმედია და აქტიურ გამოყენებაშია. ჩემი სიმპატია იმ პროექტისკენ იხრება, სადაც ადამიანის უფლებების სტანდარტი უფრო მაღალ ფონზეა დაცული და სახელმწიფოს მხრიდან ხისტი მიდგომები არ არის, რასაც გარემოზე შეიძლება, პოზიტიური გავლენა არ ჰქონდეს, თუმცა ის მოტივაცია მესმის, რაც „ხალხის ძალას“ გააჩნდა, ვინაიდან მათ დააბრალეს, რომ ამერიკული კანონი არის არა ამერიკული, არამედ რუსული. სინამდვილეში, „ხალხის ძალას“ კი არა, ამერიკას დააბრალეს, რომ თურმე იქ რუსული კანონი მოქმედებს, რაც სრული აბსურდია. ყველაზე ლოგიკურია, რომ საპარლამენტო დისკუსიების ფორმატში განვიხილოთ თითოეული ინიციატივა და არგუმენტირებული პოზიციებით წარვდგეთ. რაც არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, ყველაფერს რუსულს უწოდებს. მგონია, რომ ეს არის ევროპის საბჭოს რეზოლუციის კომპლექსი, რომელიც თავისი არსით მოღალატეობრივი იყო და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამას მხარი დაუჭირა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.