რატი იონათამიშვილი - კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა და პროვოკაციული განცხადებები კონკრეტული ციფრებით გააქარწყლა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ თავისი განცხადებით საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძე 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მაჩვენებლებზე საუბრობს.
იონათამიშვილის თქმით, კობახიძის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებს.
„ირაკლი კობახიძემ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს წერტილი დაუსვა. ცხადია, ჩვენ ეს სიმართლე ისედაც ვიცოდით, ჩვენი საზოგადოება ყველაფრის საქმის კურსში იყო, მაგრამ იმისათვის, რომ არ დარჩენილიყო სივრცე სპეკულაციებისა და მანიპულაციისთვის, ფაქტებით, კონკრეტული ციფრებით მოხდა გაქარწყლება ასეთი პროვოკაციული განცხადებების თუ პოზიციების.
ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად ართმევს თავს გამოწვევებსა და ამოცანებს. თუ ციფრების გასაჯაროების შემდეგ ვინმე გაბედავს და იკადრებს ჰიბრიდული ომის გაგრძელებას საქართველოს წინააღმდეგ, ამით მხოლოდ საკუთარი თავის ლუსტრაციას მოახდენს. ეს ქვეყნის შიგნით მიზნად ჰქონდა დასახული რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც უკვე დიდი ხანია ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას. ასევე, გვახსოვს საეჭვო რეპუტაციის მქონე ჟურნალისტები. ერთ-ერთია რუსული წარმოშობის, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოდიოდა ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერად და მათ გამგრძელებლად. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალები არიან ჰიბრიდულ ომში საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.