რატი იონათამიშვილი - კანდიდატის სტატუსის მიღება განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს ბრძოლის ფონზე, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდათ გაჩაღებული შიდა თუ გარე აქტორებს
განსაკუთრებულ სიამაყეს იწვევს, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ იმ გაჩაღებული ბრძოლის ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰქონდათ შიდა თუ გარე აქტორებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ეს არის აღიარება ჩვენი ხელისუფლების, საზოგადოების ერთიანობისა და ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის. მე ვარ მოხარული, რომ ჩვენმა ქვეყანამ დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, რითაც ევროინტეგრაციის სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ჩაიწერა ისტორიაში და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს არის მიღებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას, რომ კანდიდატის სტატუსის შემდგომი პროცესის გასაგრძელებლად ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან, იონათამიშვილის თქმით, განაცხადი ღიაა და პოლიტიკური გადარჩენის სურვილი ვისაც აქვს, ვალდებული იქნება, ჩაერთოს პროცესში.
„ჩვენ გვახსოვს მათ მიერ წარმოებული დეზინფორმაციისა და სიძულვილის კამპანიებისა საქართველოს წინააღმდეგ სწორედ იმიტომ, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მათ ვერაფერი დააკლეს ამ პროცესს ისევე, როგორც მომავალშიც ვერაფერს დააკლებენ ქვეყანას. ეს დამოკიდებული იქნება მათთვის პოლიტიკურ ველზე დარჩენის უფლება ექნებათ, თუ ამომრჩეველი საერთოდ უარს ეტყვის იმაზე, რომ ვინმეს მაინც წარმოადგენდნენ პოლიტიკურ სივრცეში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.