რატი იონათამიშვილი - ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია
რატი იონათამიშვილი - ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია

ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის განცხადებით, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია.

„შესაბამისად, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რას ამბობს და შემდეგ გააკეთოს განცხადება, რადგან ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ ერთი რეაქცია ექნება და ეს იქნება უარი იმ მცდელობებზე, რომ ამ განცხადებებით რაღაც პულსი მისცენ რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც არანაირი ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს. ეს „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. შემდეგ ყველას მოუწევს, პატივი სცეს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ქართველი ხალხი მიიღებს და ეს „ქართული ოცნების“ უპირობო მხარდაჭერა იქნება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ობიექტური კრიტერიუმით საქართველო ლიდერი ქვეყანაა კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი სამართლიანი შემფასებელი მხოლოდ ამ დასკვნას გამოიტანს.

„საქართველოს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებები აქამდეც ყოფილა, თუმცა ქვეყნისთვის ბოდიში მოუხდიათ და უღიარებიათ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები უსამართლო იყო. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრის შემდეგ ბოდიშის მოხდა კიდევ მოუწევთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „დაველოდოთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისა და ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“.