რატი იონათამიშვილი - იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება
იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი საკვანძო უწყება სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც ყოველდღიურად ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს ემსახურება და ათი ათასი მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი ამ სამინისტროს მუშაობა. ერთი მხრივ, სერვისების მიმართულება, მსურს, გამოვყო, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა კანონშემოქმედებითი მუშაობა, რომელსაც სამინისტრო ეწევა და, შესაბამისად, კანონიდან კანონამდე უმჯობესდება ჩვენი მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.
რატი იონათამიშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო საერთაშორისო სასამართლოებზე იცავს საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების ღირსებას.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, დღეს ყველამ იხილა, თუ როგორ იწონებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავს იმით, რომ თვეების განმავლობაში საქართველოს მიმართ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებდნენ.
„ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც პასუხების მოსმენაც კი არ შეუძლიათ, მარტო ბრალდების კორიანტელს დააყენებენ, დეზინფორმაციულ კამპანიას გააგრძელებენ და შემდეგ შარშანდელი თოვლივით იკარგებიან და ეს სიმბოლურია, ვინაიდან ასევე გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან, ვინაიდან ამდენ სიცრუესა და დეზინფორმაციას ამ ადამიანებს, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩეველი არ აპატიებს. ეს ჩანს თუნდაც ბოლო სოციოლოგიური კვლევებიდან, სადაც ნახევრდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. სინამდვილეში, როდესაც ისინი უტიფრობასა და ამორალურობაზე საუბრობენ, ყველაზე დიდი ამორალურობა არის, როდესაც შენ შენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებ დეზინფორმაციის კამპანიას, ამაში ხარჯავ მილიონობით დოლარს და დღეს ამას ამაყად და უტიფრად იწონებ, თითქოს ამით რაღაც კარგი გააკეთე. ცხადია, სწორედ ასეთ ქმედებებზე ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს მათ ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.