რატი იონათამიშვილი - ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა საქართველოს ახალ შესაძლებლობებს აძლევს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა საქართველოს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილმა ირაკლი კობახიძის არჩევა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა.
„ეს ქართულ მხარეს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, რომ უფრო მაღალ დონეზე ვისაუბროთ დეოკუპაციის პოლიტიკაზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და მოვიპოვოთ უფრო მაღალი დონის მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე ასამბლეაზე პირველად მოხდება ის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე წარდგება ევროპარლამენტარების წინაშე”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად დღეს აირჩიეს.