რატი იონათამიშვილი - გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანად გადავალთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნის შესახებ პოზიტიური მოლოდინი აქვს და დარწმუნებულია, რომ საქართველო სამართლიანად გადავა ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე.
„ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და მოლოდინის უკან დგას, ერთი მხრივ, ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება მთლიანად ამ პროცესისადმი და გაწეული საქმიანობა, რამაც უზრუნველყო არაერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული რეფორმის დაწყება და გატარება ჩვენს ქვეყანაში; მეორე მხრივ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად წინ წამოწეული როლი და საჭიროება, მათ შორის ევროპული, ეკონომიკური თუ სხვა, პოლიტიკური, უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამართლიანად დაფასდება თითოეული პარამეტრი და სამართლიანად გადავალთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ამასთან, იონათამიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ევროინტეგრაციის თითოეულ ეტაპზე მოხდა ამის ლუსტრაცია.
„ევროინტეგრაციის თითოეული ეტაპი, ამავდროულად, არის ლუსტრაციის საუკეთესო მაგალითი, მათ შორის, რამდენად ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიევროპულია საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყოველ ეტაპზე ცდილობს, ხელი შეუშალოს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. რასაკვირველია, ყოველ ჯერზე არ გამოსდით და არც ახლა გამოუვათ, უბრალოდ, ეს ყველაფერი ჩვენს ამომრჩეველს გაუმარტივებს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში ხვალ, 8 ნოემბერს გამოქვეყნდება.