რატი იონათამიშვილი - გიგი უგულავა იმ განწყობებს აჟღერებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ქართული საზოგადოების მიმართ აქვს
საზოგადოება ერთიანდება ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობების გარშემო, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იცავს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ინფორმირებული ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების ეშინია.
„ჩვენი ერთიანობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. რადიკალურ ოპოზიციას სახე ბოლომდე აქვს დაკარგული და ეს აჩვენებს, როგორ ეშინიათ ინფორმირებული ადამიანის და, ზოგადად, საზოგადოების. ალბათ ეს დამსახურებულიც არის, რადგან ამ ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ემტროთ საქართველოსთვის, ქართული ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის. შესაბამისად, მტრობის შედეგებს ოქტომბერში მოიმკიან.
რაც შეეხება უგულავას, ის სიძულვილის ენით გამოირჩევა. გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ქალ პოლიტიკოსებს. ახლა უკვე საზოგადოებას გადასწვდა. სინამდვილეში, უგულავა იმ განწყობებს აჟღერებს, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას ქართული საზოგადოების მიმართ აქვს. მათ არც ეს ქვეყანა უყვართ, არც საქართველოს მოქალაქეები. მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ და ძალაუფლება უნდათ იმისთვის, რომ შური იძიონ მოსახლეობაზე. მათი სიძულვილის ენაც ამით არის განპირობებული“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ. როგორც მან აღნიშნა: „29 აპრილს ვუყუროთ, როგორ ჩამოიყვანენ გოდრებით ხალხს, როგორ მიატოვებენ უსინდისო პედაგოგები მოწაფეებს, როგორ ჩამოიყვანენ „ალკოჰოლიკებს“ რაიონებიდან, მოაოხრებენ ქალაქს“.