რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობის კანონმა უკვე ახადა ფარდა იმ ფარისევლებს, ვინც საზოგადოებას ეუბნებოდა, თითქოს სხვადასხვა სეგმენტს წარმოადგენდა, სინამდვილეში კი ერთი აგენტურის ჯამი აღმოჩნდა
გამჭვირვალობის კანონმა უკვე ახადა ფარდა იმ ფარისევლებს, ვინც საზოგადოებას ეუბნებოდა, თითქოს სხვადასხვა სეგმენტს წარმოადგენდა, სინამდვილეში კი ერთი აგენტურის ჯამი აღმოჩნდა, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი, პოლიტიკური „ენჯეოები“ თუ სხვები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ყველას მოუწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ზეწოლისგან თავი შეიკავონ, რადგან ზეწოლის აშკარა ფაქტები არსებობს.
„მათი მხრიდან ვხედავთ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლა მოახდინონ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამართლიანი განაჩენი იქნება. აქამდეც ვერავინ თქვა, რატომ იყო მიუღებელი კანონი საქართველოსთვის და სხვებისთვის – მისაღები“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.