რატი იონათამიშვილი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სარჩელზე - ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას, არც საკონსტიტუციო სასამართლოს და სპეკულაციებს მიმართავენ
რეალურად, ეს ადამიანები პატივს არ სცემენ არც საქართველოს კონსტიტუციას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს. პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავენ და ცდილობენ, რაღაც საკითხებზე ხელოვნურად კეთდებოდეს აქცენტები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „ამ ადამიანების სავიზიტო ბარათია ორმაგი სტანდარტი“.
„ისინი აპიარებენ იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თურმე არამხოლოდ ზურაბიშვილის საქმეზე ყოფილა სწორი. ფაქტობრივად, აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია. მეორე მხრივ, მათი მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს, რაც არ გვიკვირს. ერთ-ერთი დიდი უზნეობა, რაც შეიძლება თანამედროვე პოლიტიკაში იკადრონ, არის ორმაგი სტანდარტი, რაც ამ ადამიანების სავიზიტო ბარათია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.