რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობის ინიციატივაზე დასავლეთის კრიტიკა დროთა განმავლობაში შემცირდება, როგორც ევროპულ პერსპექტივაზე მოუწიათ აღიარება, რომ საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს
რატი იონათამიშვილი - გამჭვირვალობის ინიციატივაზე დასავლეთის კრიტიკა დროთა განმავლობაში შემცირდება, როგორც ევროპულ პერსპექტივაზე მოუწიათ აღიარება, რომ საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს

ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მოლოდინი არ ასრულდა, მაგრამ ისტორიას დარჩება ის მავნებლური და ანტიეროვნული განცხადებები, რაც ამ საკითხზე ოპოზიციას ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის ინიციატივასთან დაკავშირებული დასავლეთის კრიტიკა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება.

„ფაქტია, ის მოლოდინი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, არ ასრულდა, მაგრამ ისტორიას დარჩება ის მავნებლური და ანტიეროვნული განცხადებები, რაც ამ საკითხზე ოპოზიციას ჰქონდა. მეორე მხრივ, როდესაც გამჭვირვალობის ინიციატივასთან დაკავშირებით არის საუბარი და კრიტიკა, ეს ნამდვილად არის უსამართლო, ვინაიდან ის რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების და კანადის დემოკრატიის დასაცავად, წარმოუდგენელია, მიუღებელი იყოს ქართული დემოკრატიის დასაცავად. ჩვენთვის დემოკრატიული პრინციპების დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ კრიტიკის რიტორიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ფაქტობრივად იგივე იქნება, რაც ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით იყო – ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწიათ აღიარება, რომ საქართველოს მიმართ შეცდომა დაუშვეს. უსამართლო გადაწყვეტილება იყო. ჩვენს ქვეყანასა და მოქალაქეებს ბოდიშიც კი მოუხადეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.