რატი იონათამიშვილი - გახარიამ გასცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გეგმა, არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ისევ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ
გახარიამ ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ, გასცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გეგმა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ისევ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
რატი იონათამიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება.
„გახარიამ ისეთი აღიარება გააკეთა, უფრო მეტი წარმოუდგენელია. ერთი მხრივ, აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ უდავოდ იგებს არჩევნებს, მეორე მხრივ, გასცა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გეგმა, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების ლეგიტიმაციაზე დარტყმისთვის ემზადებიან და ამაში ისევ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედი აქვთ. გარდა ლგბტ პროპაგანდის, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის, რევოლუციური გეგმების მხარდაჭერისა, როგორც ჩანს, მთავარი ფინანსური მოლოდინი მათ ცესკო-ს, არჩევნების საწინააღმდეგო კამპანიის და რევოლუციური გეგმების მიმართულებით აქვთ. სწორედ ამიტომ არ აწყობთ ფინანსების გამჭვირვალობა.
პ.ს. თუ ვინმეს აქვს კითხვა, რატომ დავაინიცირეთ ახლა და „თავი რატომ ავიტკიეთ“, სწორედ ამიტომ – ისინი ელოდებიან და ხარჯავენ დიდ ფულს საქართველოს და მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ კი ამ სვლით (და არა მარტო) ვახდენთ მათი რევოლუციური და ანტიქართული გეგმების პრევენციას“, – წერს რატი იონათამიშვილი.
გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მმართველი პარტია აცხადებს საარჩევნო მანიპულაციის განზრახვის შესახებ უცხოური აგენტების რუსული კანონის ხელახლა წარდგენით. საქართველოს მთავრობა აპირებს, მთლიანად გაანადგუროს ეროვნული და საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მათი დონორების მიმართ ნდობა, რათა მოამზადოს ნიადაგი მანიპულირებული შედეგების საზოგადოებრივი აღიარებისთვის. ძალების გაერთიანების დროა 2024 წლის არჩევნების სამართლიანობისა და მომავლის დასაცავად“.