რატი იონათამიშვილი - ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელი განცხადება სახელმწიფო ინსტიტუტისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გაურკვეველია, რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის დღევანდელი განცხადება, რადგან მას საერთო არც კონსტრუქციულ დიალოგთან და არც მიმდინარე პროცესებთან არ აქვს. ამის შესახებ იონათამიშვილმა ჩიხრაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ვინც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მედიაორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას ადევნა თვალი, კარგად ნახავდა, როგორი მაღალი პასუხისმგებლობით და საკითხის სიღრმისეული ცოდნით წარდგა თავმჯდომარე საზოგადოების წინაშე. ეს იყო სამაგალითო ფორმატი, რომელიც პროცესის გამჭვირვალობას და ინკლუზიურობის მაღალ დონეს უზრუნველყოფდა.
ამის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლისგან ჩვენ მოვისმინეთ ისეთი კომენტარი, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს და უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსტიტუტისადმი ჩრდილის მიყენების მცდელობას წარმოადგენდა.
სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რონ პრეზიდენტს ჯერ კიდევ სახელმწიფოს პირველი პირის ნაცვლად, რომელიმე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე გონია თავი, ხოლო ადმინისტრაციის თანამშრომლები ამ პარტიის წევრები არიან.
რაც მთავარია, თავისუფალი მედია არის ქართული ოცნების მონაპოვარი და ეს სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად მტკიცდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე, მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება“.