რატი იონათამიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის მძიმე კრიზისი, განპირობებული იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული ქმედებებით, რომლითაც ეს პარტია გამოირჩევა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ღრმა და მძიმე კრიზისია.
იონათამიშვილის თქმით, ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან „განპირობებულია იმ ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური და თუნდაც ანტიევროპული ქმედებებით, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოირჩევა“.
„ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოს და ევროპულ ინტერესებს, მაგრამ საბოლოო ჯამში უპირისპირდებიან მხოლოდ საკუთარ თავს და ერთმანეთს. შესაბამისად, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან სახელმწიფო მნიშვნელობის პროცესებს და ამოცანებს, ლოგიკურად დაასრულებენ იმით, რომ მათი არსებობა ქართული პოლიტიკური სივრციდან გაქრება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა ნიკა მელიას განცხადების შეფასებისას.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფს მიმართა: „როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი და ენმ-ის გამარჯვებით მარცხდება ოლიგარქი, ტყვეობიდან თავისუფლდება სააკაშვილი. ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“. მისივე თქმით, არის მცირე ჯგუფი, რომელიც პარტიის მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას.