რატი იონათამიშვილი - ფადი ასლის განცხადება ცალსახად მოღალატეობრივი დილემაა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს უსამშობლო, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივს იმეორებენ
ფადი ასლის განცხადება მოღალატეობრივი დილემაა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს უსამშობლო რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივს იმეორებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ფადი ასლის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა. კითხვა, რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა, გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ თუ მინდა, ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“
„ეს ცალსახად მოღალატეობრივი დილემაა, რომელიც თავის დროზე რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ნარატივი იყო. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს უსამშობლო იმავეს იმეორებს. აქაც ჩანს, რომ მათი რეალური მიზნები არასდროს იყო ახლოს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ამოცანებთან. პირიქით, ყოველთვის წინააღმდეგობაში იყო, ვინაიდან მათი ბუნება არ არის ის, რაც არის ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და ღირებულებების დაცვა. ისინი მტრობენ ყველაფერს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.