რატი იონათამიშვილი - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რეფორმების დადებითად შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ეს კანდიდატის სტატუსის საფუძვლად იქცეს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რეფორმების დადებითად შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ეს კანდიდატის სტატუსის მიღების საფუძვლად იქცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითიც საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა.
რატი იონათამიშვილმა ასევე შეაფასა რეზოლუციის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო.
როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციას დაასრულებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მუშაობა პროაქტიურია და ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მომსწრე გავხდით. მიღებული რეზოლუცია საინტერესოა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში რეფორმების დადებითად შეფასება მნიშვნელოვანია, რათა ეს კანდიდატის სტატუსის საფუძვლად იქცეს.
რაც შეეხება პოლარიზაციას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები ჩატარდება და ეს არჩევნები დაასრულებს პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში. საქართველოში მედიის თავისუფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. მედიაგარემო არჩევნების შემდეგ შეფასდა და ითქვა, რომ, სამწუხაროდ, მედიაში პოლიტიკური დღის წესრიგი საკმაოდ მაღალია, მაგრამ იმედი მაქვს, როცა პოლარიზაცია შემცირდება, მედია სუბიექტური პოლიტიკისგან დაიცლება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.