რატი იონათამიშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ისეთი ჩანაწერებია, რომლებიც ქართულ და ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, კიდევ ერთხელ ააშკარავებს შიდა და გარე აქტორების ზრახვებს
ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ისეთი ჩანაწერებია, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ქართულ, ასევე ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირ კონფლიქტში მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ეს ვერანაირად ვერ იქნება სერიოზულად აღქმული.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის საქართველოს ღირსების შელახვის და ოკუპაციის მცდელობა, რაც არავის გამოუვა. ჩვენ ვართ ამაყი და ღირსეული ერი, ქვეყანა. ფაქტია, რომ რეზოლუციის პროექტში ისეთი ჩანაწერებია, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ქართულ ასევე ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირ კონფლიქტში მოდის სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. ეს ვერანაირად ვერ იქნება სერიოზულად აღქმული.
კიდევ ერთხელ ააშკარავებს შიდა და გარე აქტორების რეალურ ზრახვებს, რაც საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ აქვთ. მათი მიზანია საქართველოში ვითარების არევა, უკიდურესად დაძაბვა, ესკალაცია. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებას გაუმარტივებს. არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, რომ გამარჯვება, რომელსაც 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ოფიციალურად გამოაცხადებს, იქნება „ქართული ოცნების“ და საქართველოს მხარეს, იქნება ძალიან მტკივნეული, გამანადგურებელი რადიკალური ოპოზიციისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის დაზიანებას ცდილობენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რაც შეეხება რეზოლუციის პროექტის იმ ნაწილს, სადაც სანქციებზეა საუბარი, საკითხის შეფასებისას იონათამიშვილმა აღნიშნა:
„იმავე არ სთხოვენ მოლდოვას და მაინცდამაინც საქართველოს სთხოვენ, რუსეთს პირდაპირი სანქციები დაუწესოს. აქედანაც ჩანს მათი ორმაგი სტანდარტი და არაკეთილსინდისიერება. მეორე მხრივ, პირდაპირი სანქციები არის ესკალაციისა და მეორე ფრონტის გახსნის სცენარი. რუსეთისთვის პირდაპირი სანქციების დაწესებას ვინც მხარს უჭერს, ის მხარს უჭერს საქართველოში ესკალაციას, არეულობას, ასევე ეკონომიკურ კოლაფსს, მაგრამ მათ ეს ყველაფერი არ ადარდებთ. აქედანაც ჩანს, რომ ქართველი ხალხის ბედი და ინტერესი საერთოდ არ აინტერესებთ, პირიქით, მათი მიზანია, ამ ყველაფრით აქ გაიხსნას მეორე ფრონტი, დაზარალდეს და ჩამოიშალოს ჩვენი ქვეყანა, მისი ეკონომიკა და უსაფრთხოება, მაგრამ ამას ვერავინ ეღირსება“.
14-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა. პროექტის სახელწოდებაა „საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ“. 14 ევროდეპუტატის პროექტში არის მოთხოვნები, მათ შორის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ივანიშვილისა და სხვა პირების სანქცირება, სააკაშვილის გათავისუფლება, ოჯახურ ღირებულებათა კანონის გაწვევა.