რატი იონათამიშვილი - ევროკავშირმა გირაოს გადახდით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მელიას მიმართ საქმე სამართლიანი იყო და პოლიტპატიმარად არ აღიქვამს
ევროკავშირმა გირაოს გადახდით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მელიას მიმართ საქმე სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები განაგრძობენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებასა და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.
„ევროკავშირი მსგავსი მეთოდებით პოლიტპატიმრებზე არ რეაგირებს. ევროკავშირმა გირაოს გადახდით ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი, სამართლიანი იყო და მას არ აღიქვამს, როგორც პოლიტპატიმარს. საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და მრავლისმეტყველია, რომ მიუხედავად ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები განაგრძობენ ევროკავშირის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას და შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ 8 მაისს გამოყო.