რატი იონათამიშვილი - ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობაა დღის წესრიგში იმ საკითხის დაყენება, რომელიც არ არის 12 რეკომენდაციის და ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი
დღის წესრიგში დაყენება ნებისმიერი საკითხის, რომელიც არ არის 12 რეკომენდაციის და ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი, საქართველოს ევროინტეგრაციის პირდაპირ საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა „ევროაქტივში“ გამოქვეყნებულ ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელისა და გამგეობის თავმჯდომარის, ყოფილი დეპუტატის, სერგი კაპანაძის წერილთან დაკავშირებით, სადაც კაპანაძე აღნიშნავს, რომ სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს.
იონათამიშვილის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგას ნაბიჯები.
„მით უმეტეს, ისეთი საკითხების დაყენება, რომლენბიც ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს, როგორიც არის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიკვირს ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში არიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილი. აქედანაც ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი, ჩვენმა ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგას ნაბიჯები. ისინი ამ პროცესს უშლიან ხელს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ ფიასკოს განიცდიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.