რატი იონათამიშვილი - ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოვიდეს, არის ის, რომ ბოდიში მოუხადოს ჩვენს საზოგადოებას და ეკლესიას
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოვიდეს, არის ის, რომ ბოდიში მოუხადოს ჩვენს ახალგაზრდობას, საზოგადოებას და ეკლესიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილს კითხვა გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს.
„ნებისმიერ სხვა შემთხვევაში საქართველოში მისი ჩამოსვლა თავად მისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის იქნება უხერხულიც და ნეგატიური შედეგის მომტანიც. ეს თუ არის მათი არჩევანი და მეტი არ შეუძლიათ, კი ბატონო. გვახსოვს მისი განცხადებები, რომლებიც თბილისში გააკეთა და რასაც საზოგადოების რეაქციები მოჰყვა. სინამდვილეში, ამ ადამიანებს აქვთ მტრობა საზოგადოების, ეკლესიისა და ღირებულებების მიმართ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მიმდინარე წლის 14 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.