რატი იონათამიშვილი - დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და „ომის პარტია“ ვერასდროს მიაღწევს, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი მუშაობს, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამ დროს გარკვეული ადამიანები ცდილობენ, საქართველო 1991 წლის დეკემბერში დააბრუნონ.
იონათამიშვილი გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის იმ განცხადებას, სადაც ჩალაძე აღნიშნავს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.
„ფაქტი ერთია, ამ ადამიანების უკანაც დგანან ისეთი ჯგუფები, ვინც მაშინ ხელი შეუწყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი გაჩაღებულიყო, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და, ცხადია, ვერც ეს გლობალური და ლოკალური „ომის პარტია“ ვერასდროს მიაღწევს იმას, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.