რატი იონათამიშვილი - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას ერთადერთი მოტივაცია აქვს, გაკეთდეს ექსპერტული შეფასება
მიმაჩნია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამდე დასკვნაზე საუბარი არ არის მიზანშეწონილი და რელევანტური, ეს ყველაფერი შეიძლება სპეკულაციის ნაწილი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციისგან სხვა მოლოდინი არ აქვს, რადგან მათ ქართულ პოლიტიკაში, სპეკულაციების გარდა, სხვა როლი არ გააჩნიათ.
„ეს არის მათი დაბალი რეპუტაციის ერთ-ერთი მიზეზიც. ვინაიდან არ გვინდა, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე დავტოვოთ, კანონპროექტს ვაგზავნით ვენეციის კომისიაში. ამ კანონპროექტზე უკრაინას დადებითი შეფასება ჰქონდა და ასევე გვახსოვს ევროპელი ლიდერების შეფასებები. ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნას ერთადერთი მოტივაცია აქვს — ექსპერტული შეფასება გაკეთდეს. მისი სხვა ჭრილში გადატანა ოპონენტების მხრიდან სპეკულაციაა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ გუშინ განაცხადეს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: „მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია“.