რატი იონათამიშვილი - დავით საყვარელიძე გამოხატავს „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს, ამ ადამიანების ოცნება არის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, მათ მზაკვრულ გეგმას განხორციელება არ უწერია
დიდი უხერხულობაა, როცა დავით საყვარელიძე საქართველოს სახელით ლაპარაკობს, მაგრამ ის საკუთარ პოზიციებს არ გამოხატავს და გამოხატავს „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ქართული საზოგადოება ელოდება ქართველი ზელენსკის გამოჩენას და შესაძლოა, ეს უახლოეს ხანში მოხდეს.
იონათამიშვილის თქმით, ქვეყანას ჰყავს ეროვნული ხელისუფლება და მეორე ფრონტის გახსნის მზაკვრულ გეგმას განხორციელება არ უწერია.
„ამ ადამიანების ოცნება არის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს ძალიან კარგად ვიცით. მაიდანზე ოცნებობენ. მათ მზაკვრულ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება ჰყავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.