რატი იონათამიშვილი - ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს იმდენად დიდი წვლილი აქვთ შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების და გლობალური მშვიდობის პროცესებში, რომ ამის უგულებელყოფა იქნება საზიანო
გვახსოვს, რამდენ ცრუ დეზინფორმაციას ავრცელებდა რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ახლა საინტერესოა მათი განცხადებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჯიმ ო’ბრაიენის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მიწვეულია ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე.
მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება სწორია, რადგან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების როლის უგულებელყოფა საზიანო იქნებოდა.
„ამ საკითხის ეჭვის ქვეშ დადგომაც კი უხერხული იქნებოდა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს და ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს, საერთაშორისო მისიებში დაჭრილ მებრძოლებს აქვთ იმდენად დიდი წვლილი და კონტრიბუცია შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების და გლობალური მშვიდობის პროცესებში, რომ მათი არდაფასება იქნებოდა ძალიან დიდი უსამართლობა. შესაბამისად, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები არიან ისინი, ვინც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამის უგულებელყოფა იქნება საზიანო იმ პრინციპებისთვის, რასაც ემსახურება ნატო-ც და ჩვენი ღირებულებებიც, ეს არის მსოფლიო მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველო მიწვეულია ნატო-ს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე.