რატი იონათამიშვილი - ჩვენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აგვიჟღერებია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მჯერა, მომდევნო პარიზი იქნება
უდიდესი კონკურენციის ფონზე, ჩვენ შევძელით და გვაქვს ისტორიული შედეგი – პირველად სპორტის ექვს სახეობაში მოვიპოვეთ ლიცენზიები და პარიზში 14 პარასპორტსმენით ვიასპარეზებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიელთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარაათლეტებს აქვთ ორმაგი მისია – იბრძოლონ მაღალი სპორტული შედეგებისთვის და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ.
მისი თქმით, პარალიმპიური თამაშები არის საუკეთესო პლატფორმა ცვლილებებისთვის და ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ პარაათლეტები.
„ჩვენ რთული და გრძელი გზა გავიარეთ, ვიდრე საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები ზაფხულის პარალიმპიური თამაშებისთვის დაკომპლექტდებოდა. უდიდესი კონკურენციის ფონზე, ჩვენ შევძელით და გვაქვს ისტორიული შედეგი – პირველად სპორტის ექვს სახეობაში მოვიპოვეთ ლიცენზიები და პარიზში 14 პარასპორტსმენით ვიასპარეზებთ.
პარაათლეტებს აქვთ ორმაგი მისია – იბრძოლონ მაღალი სპორტული შედეგებისთვის და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ. პარალიმპიური თამაშები არის საუკეთესო პლატფორმა ცვლილებებისთვის და ამ შანსს ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ. თითოეული თქვენგანი არის როგორც მაღალი დონის პროფესიონალი, ასევე მაგალითის მიმცემი არა მხოლოდ შშმ პირებისთვის, არამედ საზოგადოების თითოეული წევრისთვის. ცხადია, ქვეყანაში პარალიმპიური მოძრაობა ვერ განვითარდება სახელმწიფოს ძლიერი და თანმიმდევრული მხარდაჭერის გარეშე და მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად ზრუნავს პარასპორტსმენების განვითარებაზე, მათთვის ღირსეული სავარჯიშო პირობების შექმნაზე, მათი შრომის დაფასებაზე და უზრუნველყოფს უმაღლესი დონის საერთაშორისო ტურნირებში მათ შეუფერხებელ და რეგულარულ მონაწილეობას. პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არის საუკეთესო ინვესტიცია ინკლუზიური საზოგადოების ასაშენებლად. დღეს ქართველი ოლიმპიელები იცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას პარიზში, სულ მალე კი მათ ესტაფეტას გადავიბარეთ პარალიმპიელები. ჩვენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აგვიჟღერებია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მჯერა, მომდევნო პარიზი იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.